ცხოვრება მისთვის უბრალოდ კარგი საქმის კეთებაა და ამ უკანასკნელით ბედიერების მოპოვება. არასოდეს არის კმაყოფილი მიღებული ცოდნით და თვლის, რომ მას მუდამ გაღრმავება სჭირდება. ფიქრობს,რომ ცხოვრებაში მონდომებული და მიზანსწრაფული  ადამიანი ყოველთვის ყველაფერს მიაღწევს. არ უყვარს ე.წ ჭიქის პატრიოტები და ვერ გაძლებს საქართველოს გარეშე. მიაჩნია,რომ ნამდვილი მეგობრობა გაუფასურებულია და თვლის, რომ თავისუფლება უნდა ჩამოიყალიბო, განავითარო. თავისუფალ დროს ცურავს და წერს. (more…)

კავკასიის ერთიანობა ჩვენი პრობლემების გადაწყვეტის გასაღებია. ჩვენში ვგულისხმობ ჩვენს ქვეყანას საქართველოს და ასევე იმ ქვეყნებსა და ტერიტორიებს, რომელიც გეოგრაფიულად კავკასიაში შედის. თუმცა მეორეს მხრივ, რამდენად ადვილადაა ერთიანობა მისაღწევი, ეს კიდევ ცალკე და უფრო მნიშვნელოვანი თემაა. სწორედაც რომ ძნელი მისაღწევი კავკასიის ერთიანობა, ასეთ პატარა მხარეში როგორიც კავკასიაა 7 ევტონომიური ოქლი და სამი სახელმწიფოა, სადაც ათეულობით სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლი ცხოვრობს. კავკასიის ერთიანობაზე როდესაც იწყება საუბარი, იქვე იწყება საუბარი ამ გეგმის შემაფერხებელ მიზეზებზე, – მაგალითად საქართველს კონფლიქტურ რეგიონზებზე, ასევე ჩრდილო კავკასიის პრობლემებზე. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველო-რუსეთის, აზერბაიჯანი-რუსეთის, სომხეთი-აზერბაიჯანის, სომხეთი-თურქეთის ურთიერთობის დარეგულირება. ქვემოთ შევეცდები რამოდენიმე ფაქტი მოვიყვანო სომხეთის სახელმწიფოს ურთიერთობებზე მის მეზობელ რესპუბლიკებთან.

მოკლე ექსკურსისათვის გავიხსენოთ, რომ სომხეთი სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთში მდებარეობს, სომხეთის რესპუბლიკის მოსახლეობის საერთო  რაოდენობა, 2003 წლის მონაცემებით, 3,326 მლნი შეადგენდა. ტერიტორიის 90% 1000 მ-ზე მაღლა მდებარეობს , საშუალო სიმაღლეა 1830 მ. ქვეყნის ფართობი 29.800 კვ.კმ-ს შეადგენს.  მნიშვნელოვანი მდინარეები – არაქსი, რაზდანი; ტბა – სევანი. სომხეთში  თითქმის ყველა სისტემისა და ასაკის ნალექები გვხვდება. განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული იურული და პალეოგენური ვულკანური დანალექი წყებები. სომხეთის ტერიტორიის 1/3 ბაზალტით, ტუფით, პემზით, პერლიტითა და ვულკანური მოქმედების სხვა პროდუქტებითაა დაფარული. სომხეთის ტერიტორია სასარგებლო წიაღისეულთა შორის გამოირჩევა სპილენძ-მოლიბდენის, სპილენძის ალმადანის, ოქროს, რკინის, პოლიმეტალების, ნეფელინიანი სიენიტებისა და ქვამარილის საბადოებით. ბევრია ასევე  საშენი მასალა მარმარილო, ტუფი, დოლომიტი, პემზა, ბაზალტი, პერლიტი, ბენტონიტური თიხები და სხვა.

სომხეთის რესპუბლიკას ოთხ სუვერენულ სახელმწიფოსთან – საქართველოსთან, აზერბაიჯანთან, ირანთან და თურქეთთან აქვს საზღვარი. ამ ქვეყნებიდან ორთან სომხეთს საზღვარი უკვე ათეულობით წელზე მეტია დახურული აქვს, ეს ქვეყნებია თურქეთი და აზერბაიჯანი. სამეწუხაროდ, ათეულობით წელია ამ სიტუაციას არანაირი ცვლილება არ განუცდია.

სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობის დაძაბვა და საომარ სიტუაციამდე მისვლა პირველად 1918–1920 წლებში მოხდა. შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო სომხეთის მიერ დასავლეთ აზერბაიჯანის დიდი ტერიტორიის დაპყრობით. ომს მოჰყვა რუსეთის მიერ ჯერ აზერბაიჯანის, ხოლო შემდეგ – სომხეთის ოკუპაცია. ხოლო ტერიტორიები, რომელიც სომხეთის მიერ იყო ოკუპირებული, შემდგომში შექმნილ აზერბაიჯანის სსრ-ს დაუბრუნდა. სომხებსა და აზერბაიჯანს შორის 1918 წლამდე იყო შეტაკებები ეთნიკურ ნიადაგზე მაგრამ პირველი დიდი შეტაკება სწორედ 1918 წელს მოხდა. ამ ორი სახელმწიფოს გასაბჭოების შემდეგ ერთმანეთში ომმა და შეტაკებებმა ფარულ ბრძოლაში გადაინაცვლა. საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში დაიწყო მაშტაბური დავა სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის, დავის ობიექტი იყო ყარაბაღი და სწორედ ყარაბაღში იფეთქა საბჭოეთის დაშლის შემდეგ ომმა, აზერბაიჯანელებსიათვის ეს ომი დამთავრდა ტერიტორიების დაკარგვით და ერთ მილიონამდე ლტოლვილით. მიუხედავად იმისა, რომ ბერჯერ გადაიდგა ნაბიჯები პრობლემის დარეგულირების მხრივ, საკითხი მაინც მოუგვარებელი რჩება და ამ ორ სახელმწიფოს დღემდე არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, შესაბამისად ქვეყნებს შორის სასაზღვრო მიმოსვლაც არ არის.

                          

რაც შეეხება სომხეთ–თურქეთის უთანხმოებას, ის იწყება 20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ოსმალეთის იმპერიის მმართველებსა და სომხებს შორის ეთნო დავა დაიწყო, რასაც რამდენიმე ათასი ეთნიკურად სომეხის სიკვდიდლი მოჰყვა და ასევე რამდენიმე ათასი ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის გადახვეწა დღევანდელი თურქეთის ტერიტორიიდან. სომხები მოითხოვენ თურქებისაგან ეს ფაქტი აღიარებული იქნეს გენოციდათ, თუმცა, თავის მხრივ, დღევანდელი თურქეთი (ოსმალეთის სამართალმემკვიდრე)  ამ ფაქტს არ მიიჩნევს გენოციდათ. ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ამ  ორ სახელმწიფოს დღემდე არ აქვთ დიპლომატიური ურთიერობა და შესაბამსიად სახელმწიფო საზღვარი აქაც ჩაკეტილია.

სომხეთს საზღავრი აქვს ასევე ირანთან, რომელთანაც დაბალანსებული პოლიტიკას ატარებს, მაგრამ ვინაიდან თვითონ ირანს აქვს პრობლემა დღევანდელ მსოფლიო თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან, სომხეთი აქტიურად ვერ იყენებს ირანს, როგროც გასასვლელს დანარჩენ მსოფლიოზე. აღსანიშნავია სომხეთის წადილი, რომ შეიძინოს რეგიონში სხვა ძლიერი პარტნიორები და მარტო რუსეთზე არ იყოს დამოკიდებული, მაგრამ ამ ურთიერთობაში სომხეთი მარტო არ არის ირანთან. საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია WikiLeaks, რომელიც ანონიმური წყაროებიდან მოპოვებულ, ჩვეულებრივ ხელმიუწვდომელ დოკუმენტებს აქვეყნებს ინფორმაციას, რომელზე დაყრდნობითაც ვრცელდება რომ აშშ–ს მზვერავებმა აღმჩინეს თუ როგორ გადასცემდა სომხეთი ირანს ბულგარულ რაკეტებს. ამ ფაქტმა აშშ–ში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და ოფიციალურ სომხეთს ფაქტის დაუყოვნებლივი ახსნა მოთხოვეს. ირანის დღევანდელი საგარეო სიტუაციის გამო, რეგიონის სხვა სახელმწიფოები ცდილობენ დაბალანსებული პოლიტიკა აწარმოონ ირანთან, ამ ურთიერთობაში ყოველთვის ხდება აშშ–ს ფაქტორის გათვალისწინება.

ბოლოს შეგვძლია ვისაუბროთ საზღავრზე, რომლიც სომხეთს საქართველოსთან აქვს. სწორედ საქართველოს მხრიდან შედის სომხეთში პროდუქციის დიდი ნაწილი და ადგილობრივი მოსახლეობა საქართველოს გზას ევროპაში გასავლელად იყენებს, ასე რომ საქართველოსა და სომხეთს მჭიდრო კავშირი აქვთ ერთმანეთთან რამდენადაც სომხეთს ფაქტობრივად ერთი ღია საზღავრი აქვს, როგორც სახმელეთო, ისე სარკინიგზო და საჰაერო. აღსანიშნავია 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოსა და რუსეთს შორის, როდესაც საქართველოს სახმელეთო გზა ბლოკირებული იყო და ამას თან დაერთო რკინიგზის აფეთქება, რუსების მიერ რამდენიმე ადგილას, ამ სიტუაციამ რეგიონის ორი სხელმწიფო აზერბაიჯანი და სომხეთი დიდ საგონებელში ჩააგდო, ეს ფაქტი განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყოს სომხეთისათვის, რადგანაც ექსპორტის 70% სომხეთში საქართველოდან შედის  და ამ სიტუაციიდან გამომდინარე ყოველი დღე როდესაც საქართველოს რკინიგზას ექმნებოდა პრობლემა და ვერ მოახერხებდა ფუნქციონირებას მათი ეკონომიკისათვის დამღუპველი შედეგის მომტანი ხდებოდა. სარკინიგზო მიმოსვლის, და საქართველოსთან სომხეთის კეთილმეზობლური ურთიერთობის განსაკუთრებულობას ის ფაქტიც უსვამს ხაზს, რომ როდესაც შეიტყვეს სომხეთში რკინიგზის აფეთქების თაობაზე, მათ უმალ გამოგვიგზავნეს მასალები და მუშახელი რათა სწრაფად ჩამდგარიყო რკინიგზა ჩვეულ რეჟიში.

ბოლოს დავუბრუნდები სტატიის დასაწყისში გაჟღერებულ იდეას, კავკასიის ერთობის შესახებ. კავკასიაში ბევრი ეთნოსი ცხოვრობს, ამ მცირე რეგიონში, თავისი სახელმწიფოების და სხვადასხვა ეთნოსების სიმრავლით გამორჩეულ მხარეში. ჩვენი კეთილდღეობის გარანტი, კავკასიის რეგიონში მცხოვრებთა შორის კეთილმეზობლური და კეთილმეგობრული  ურთიერთობის დამყარებაა. კავკასია, როგორც ერთიანი გაცილებით მეტი სარგებლის მიმცემია მთელი ცივილიზებული მსოფლიოსათვის, ვიდრე კონფლიქტური და დანაწავრებული. აქედან გამომდინარე, კავკასიის ერთიანობისა და მშვიდობიანობის გარანტად თავად განვითარებული მსოფლიო უნდა გამოვიდეს. ინტერესების გაცვლა კავკასიასა და დანარჩენ მსოფლიოსთან და თავად კავკასიელთა კეთილმეზობლური ურთიერთობის ინტერესები, კიდევ დამატებითი მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

 ავტორი: გიორგი კენჭუაშვილი 

სხდომის თავმჯდომარე – ილია II – სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი
სხდომის მდივანი – გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) – ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი
სხდომის თანამდივნები – ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) – ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი
საბა (გიგიბერია) – ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი.

I. 2011 წლის 5 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა კანონი სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ (დანართი #1). სინოდის სხდომაზე გამოითქვა საერთო უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ, მიუხედავად კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებისა, კანონის მიღება მოხდა საქართველოს საპატრიარქოსთან და საზოგადოებასთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე, რაც საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირთა და მრავალრიცხოვანი მრევლის მღელვარების მიზეზი გახდა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით წმიდა სინოდმა იმსჯელა და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანი, ისევე როგორც რელიგიური გაერთიანებები, თანასწორია კანონის წინაშე. რელიგიური აღმსარებლობების თავისუფლება არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ რელიგიურ გაერთიანებას ეკუთვნის საქართველოს ესა თუ ის მოქალაქე. საქართველოს კონსტიტუციითა და კონსტიტუციური შეთანხმებით, რომლებიც ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსი არ ზღუდავდა სხვა რელიგიურ გაერთიანებათა აღმსარებლობის თავისუფლებასა და კანონის წინაშე თანასწორობას.

2. მიემართოს საქართველოს ხელისუფლებას:

ა) მომავალში რელიგიასთან დაკავშირებული კანონპროექტებისა და სხვა ანალოგიური საკითხების განხილვისას წინასწარი კონსულტაციები გაიმართოს საქართველოს საპატრიარქოსთან, რათა, აღნიშნული თემის სიფაქიზიდან და სპეციფიკურობიდან გამომდინარე, თავიდან იქნას აცილებული შესაძლო გართულებები.

ბ) დაიწყოს სამთავრობო მოლაპარაკებები ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიების სტატუსსა და ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

გ) სახელმწიფომ გაააქტიუროს თავისი საქმიანობა საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ეროვნული და სულიერი კულტურის ძეგლების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით.

დ) საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ეკლესიის ავტოკეფალიის დაკარგვის შემდეგ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე განხორციელებული რელიგიური პოლიტიკა და სხვა ქმედებები აღიარებულ იქნას უკანონოდ.

ე) შეიქმნას კომისია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

3. წმიდა სინოდი მოუწოდებს სასულიერო პირებს და მრევლს სიმშვიდისკენ და, მიუხედავად მღელვარების მიზეზებისა, თავი შეიკავონ ყოველგვარი თვითნებური ქმედებებისგან და გააძლიერონ ლოცვა ერის ერთობისა და მშვიდობისათვის.

II. წმიდა სინოდმა მოისმინა მოხსენება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ II (ბაგრატიონი) ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ და

გ ა ნ ა ჩ ი ნ ა:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II აღიარებულ იქნას წმინდანად და ეწოდოს მრავალვნებული ანტონ II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მისი ხსენება დაწესდეს 21 დეკემბერს (ახალი სტილით 3 იანვარი).

ასევე დაიწეროს წმიდანის ხატი და შეიქმნას შესაბამისი საღვთისმსახურო განგება.

III. წმიდა სინოდმა იმსჯელა სასულიერო პირთა მიერ ზნეობრივი ნორმების დარღვევის ფაქტებზე და

გ ა ნ ა ჩ ი ნ ა:
შეიქმნას ზნეობრივი ნორმების დარღვევათა შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1. სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)
2. გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი).

წყარო: palitratv.ge

ხშირად სიტყვები არ არის ხოლმე საკმარისი შენი გრძნობების გამოსახატავად, მე მაინც შევეცდები  რეალობასთან მიახლოებულად აგიღწეროთ თუ რა ხდებოდა ხევსურეთში დავითიანნთან ერთად.

2010 წლის  ივლისს, როცა თბილისში სიცხისგან  შეწუხებული და გადაღლილი სახეები მომრავლდა, მე საოცარი რამ გადამხდა თავს.

ულამაზესი ბუნება, სუფთა ჰაერი, განტვირთვა და მოწყვეტა დასიცხულ რეალობას ანუ შატილი

მოდით მოკელდ მოგიყვებით შატილამდე რა იყო. როგორც იცით დავითიანნი იმით არის გამორჩეული, რომ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესს ამკვიდრებს და უამრავ ღონისძიებას მართავს ამ კუხით.

სწორედ ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებაზე, ფრენბურთის ტურნირზე, ჩემმა გუნდმა 180 სკოლამ გამარჯვება მოიპოვა.

ხოდა წავედით…

ჯერ იყო  იყო პირველი შეხვედრა, დავითიანნმა საოცარი სიყვარულით და მზრუნველობით მიგვიღო ყველანი.

იქაურობა სიკეთით და დადებითი ემოციებით იყო სავსე. ჩვენ ვიცინოდით, ვყვებოდით ლექსებს, ვთამაშობდით,მივდიოდით მუცოზე(ულამაზესი ადგილი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა ნახოს)  შატილში (საოცარი სილამაზე, უდიდესი მთები და მწვერვალები და მათი დალაშქვრა) ყველაზე ხმაურიანი და სიცოცხლით სავსე მდინარე არღუნი და მრავალი სხვა. ვისხედით კოცონთან მთელი ღამე და ვერთობოდით მაქსიმალურად.ერთმანეთს სიყვარულს ვუზიარებდით, ვაღრმავებდით ერთმანეთში მეგობრობას, მეტად პატივს ვცემდით ერთმანეთის პიროვნებას და ვსწავლობდით ერთმანეთის დაფასებას. უფლისმიერ სიყვარულში გატარებული დღეები ოქროს ასოებით იტვიფრებოდა ჩემს ცხოვრებაში რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ წაშლის.

4 დღით წასულს, მეგონა სამუდამოდ მოვწყდი ხმაურიან, ცხელ და მოსაწყენ ყოველდღიურობას.

ბოლომდე გულახდილი ვიქნები და გეტყვით,რომ წამოსვლისას თითქმის ვტიროდით, მოვდიოდი და რაც უფრო ვშორდებოდი შატილს, ვხვდებოდი თითქოს რაღაც მრჩებოდა იქ…

და ახლა ვხვდები, ეს რაღაც ის სიყვარული და დაუვიწყარი დღეები იყო რომელიც შატილმა და დავითიანნმა იქ ყოფნის დროს მოგვცა.

მე ახლაც მოუთმენლად ველი გასვლებს ხევსურეთში, რადგან ეს არის ადგილი, რომელსაც ერთი ნახვით ვერ მოისურვილებ.

აი ასეთი ლამაზია ხევსურეთი!

აი ასე გვიყვარს  დავითიანნში…!

 

პოსტის ავტორი:                                                             თამთა კაჭახიძე

                                                                                           

 

    მოგეხსენებათ იმ კანონის შესახებ რაც ამ რამოდნიმე დღის წინ ჩვენმა პარლამენტმა მიიღო, პრეზიდენტმაც არ დააყოვნა და ხელმოწერის შემდეგ ისევ პარლამენტს გადაუგზავნა დასამტკიცებლად. მრავალი მოსაზრება გამოითქვა იმის შესახებ რომ ეს ნაბიჯი დემოკრატიის მაქსიმალიზაციისათვის იყო განკუთვნილი და არანაირი საერთო არ ჰქონია გარეგინ II-ს ვიზიტთან, ის წერილიც შემთხვევითი იყო რომელიც ამ კანონის მიღებას მოჰყვა, სადაც ეჩმიაძინი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მადლობას უხდის სომხური სამოციქულო ეკლესიისათვის მათთვის სასურველი სტატუსის მინიჭების გამო.

    ვიცი, ნაცისტების დაქირავებული უამრავი ექსპერტი გამოჩნდება საქართველოში, რომლებიც იტყვიან, რომ მართლმადიდებლური რელიგიის გვერდით კონფესიურად სხვა მორწმუნეთათვის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის“ სტატუსის მინიჭება, თითქოსდა დემოკრატიის მოთხოვნაა ან ევროკავშირის სტანდარტია. ამიტომ მინდა წინასწარ ვთქვა თუ როგორაა აღნიშნული საკითხი კანონმდებლობაში ასახული ევროკავშირის ერთ ერთ ქვეყანაში, გერმანიაში.

კერძოდ, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის“ (Körperschaft des öffentlichen Rechts) შესახებ კანონი განისაზღვრება გერმანული საბაზისო (Grundgesetz) კანონმდებლობის არტიკლით 140, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის რელიგიურ თავისუფლებას. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის“ სტატუსით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სარგებლობს მხოლოდ კათოლიკური და ევანგელური ეკლესია.

ყველა მოქალაქე, რომელიც თავს თვლის რომელიმე ამ ორი ეკლესიის წევრად შეუძლია ნებაყოფლობით ხელფასიდან გადაიხადოს ე.წ. საეკლესიო გადასახადი. საეკლესიო გადასახადი სხვადასხვა მიწაზე სხვადასხვაა. ბავარიასა და ბადენ- ვიურტენბერგში იგი შეადგენს 8%, ხოლო სხვა მიწებზე იგი შეადგენს 9%, ამ გადასახადს არეგულირებს საშემოსავლო გადასახადის( Einkommensteuer) შესახებ კანონი § 51a აბზაცი.2 , სხვა რელიგიურ თემებს, შეუძლიათ იყვნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

ასეთ ორგანიზაციათაა დარეგისტრირებული 2002 წელს „საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის, ბერლინ-ბრანდენბურგის სამრევლო“, ასევე ვთხოვ ევროკავშირის, ქვეყნებიდან დაწერონ გასაგებ ენაზე როგორაა მათ საცხოვრებელ ქვეყნებში სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა. რომელი კონფესიებია „საჯარო სამართლის იურიდიული პირი“

მაინტერესებს მკითხველის აზრი კომენტარებში. მაინტერესებს სხვა ქვეყნის მაგალითებსაც თუ მომაწვდით ამ კუთხით.
ავტორი: გიორგი ნაკანი

ჩვენი ეკლესიისა და, საერთოდ ხალხისთვისაც სრულიად მოულოდნელად, საქართველოს პარლამენტმა 1-ელ ივლისს პირველი მოსმენით მიიღო კანონი რამდენიმე რელიგიური ორგანიზაციისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ და მისი მეორე მოსმენა სავარაუდოდ 5 ივლისისთვის, იგეგმება.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი და კონსტიტუციური შეთანხმება წლების განმავლობაში იყო ფართო განხილვის საგანი და მას საერთაშორისო ექსპერტიზაც ჩაუტარდა.

თავის მხრივ ეკლესია არასოდეს წასულა წინააღმდეგი და ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოში არსებული სხვა რელიგიებისადმი სტატუსის მინიჭებას და მათი უფლებების განხორციელებას, მაგრამ ამ პროცესს სათანადო გაგრძელება არ მოჰყოლია, ანუ ხელისუფლების მხრიდან არ შექმნილა მრავალმხრივი სახელმწიფო კომისია, სადაც საკითხი იქნებოდა შესწავლილი და შეჯერებული უნდა აღინიშნოს, რომ სხვა სახელმწიფოებში არც ქართული მართლმადიდებლური ტაძრების საკუთრების და მოვლა-პატრონობის საკითხი არ დასმულა დღემდე და არც ქართული ეკლესიის სტატუსის განხილვა დაწყებულა.

ამის ფონზე, სრულიად გაუგებარია ჩვენი ქვეყნის პარლამენტის მიერ ესოდენ მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღება საჯარო განხილვის გარეშე და ასეთი დაჩქარებული წესით.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შეჩერდეს კანონის მიღების პროცედურა (მეორე და მესამე მოსმენა) და აღნიშნულ საკითხზე გაიმართოს საჯარო დებატები (თუნდაც ტელევიზიის პირდაპირ ეთერში), რათა ჩამოყალიბდეს საერთო საზოგადოებრივი აზრი და მოხდეს კონსენსუსი მართლმადიდებელ ეკლესიასთანაც, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია.

ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ეს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი, რადგან იგი არსებითად განსაზღვრავს სახელმწიფოს მოწყობის ძირითად პრინციპებს.

  ,,How I wish, how I wish you were here…  “ 
სადღაც მოსმენილი

  ..

მზის ამოსვლამდე მიყვარხარ ჟულიენ!
აქ თოვლიც კი შენია..

ისევ ,,მარმოტანის მუზეუმში”:

_ ჩაის ხომ არ ინებებთ მადმუაზელ?

_ აჯობებს მითხრათ, რაიმე სიცოცხლის შესახებ…

_ სიცოცხლე არაა იაფი, არც ფასდაკლებით გაიცემა.

შემომნატრებიხარ ჟულიენ..

და თან როგორ..

და ის, რომ ადამიანის სიკვდილი უფალთან მიახლოებაა და არა სასჯელი შენ ეს ხუთი თითივით იცოდი ჟულიენ.. ანდა ის, რომ ჩვენს მწვანე ჩაის ლიმნისა და პიტნის გემო აქვს და მზე ისევ იცვამს დრუიდის ფორმას, სასმელს გიმზადებს და მერე ერთად ცეკვავთ ,,როკენ როლს”..

ეს ცხოვრებაა ჟულიენ?

გახსოვს?

ერთხელ ღმერთიც გვიყვარდა, ჩემი და შენი ღმერთი და ვლოცულობდით, მერე ის ჯადოსნური სიტყვებიც დაგავავიწყდა…

შენ უკრავდი, მღეროდი, გალობდი და ეს ყველაფერი შენი სულიდან მოდიოდა ჟულიენ..

_ რას ხედავენ ანგელოზები მზის ამოსვლისას მადმუაზელ?_ მეკითხებოდი ყოველ შებინდებისას.

_ სიცოცხლეს ჟულიენ… სიცოცხლეს ხედავენ !

მერე თოვლიც მოვიდა..

იცი? ყველაზე მეტად ქუჩაში სიარული და იმ  ბილბორდების თვალიერება მიყვარდა ფერად–ფერადი ,,ბიგ მაკების” რეკლამები რომ იყო. მე მაშინ ვხვდებოდი, ადამიანს როცა შია ან სწყურია მხოლოდ მაშინ ახსენდება ის გრძელთმიანი, რომელიც სულ იღიმება და სიკეთის სუნი აქვს..

აი ის, ყოველ ღამე ჩვენთან რომ მოდიოდა, შუბლზე გვკოცნიდა და…

მე არ მშია ჟულიენ …

.  .  .  .

შენ მღერი,

გაუცხოებული კლიშეებით ავსებ  ხალხს, გენიალურად გთვლიან და სულ ვერავინ ხვდება შენს სიმარტივეს..

ერთიანად მიყვარდი და მძულდი კიდეც ჟულიენ..

არაღვთიური თანხვედრა იყო შენსა და ჩემში..

.  .  .  .

_ ხომ არ მოიწყინეთ მადმუაზელ?

_ არა ჟულიენ მე წასვლა მინდა.

_ რატომ?

_ როცა იგრძნობ რომ დაგივიწყეს უნდა წახვიდე..

.  .  .  .

ჰგავს სახარებას ისე ღრმაა დღეს შენი აზრი ჟულიენ. და მხოლოდ ღმერთმა იცის, უკვე მერამდენე მამალი ყივის და შენ კი არ ჩანხარ…

,, მიყვარხარ” ყველაზე დაგვიანებული სიტყვაა ამქვეყნად ჟულიენ.. შენ კი ეს სწორედ მაშინ მითხარი, როცა შენი გრძელთმიანი ღმერთები კედლიდან ჩამოხსენი, ათეისტი გახდი, შემდეგ აგნოსტიკი და მერე ბერად წასვლას აპირებდი მახსოვს…

.  .  .  .

_ მე დავისჯები მადმუაზელ.

_ რატომ ჟულიენ?

_ ის გრძელთმიანი დამსჯის, ყოველ ღამე ჩვენს ფიქრებს თავსახურს რომ ხდის და ყველაფერს იგებს.

_ მიზეზი?

_ დღესაც შენფერი თვალები ჰქონდა წმინდა მარიამს…

მერე?

მერე აღარაფერი მახსოვს… იმ შავ და პრიალა ყუთში ჩაგსვეს სადაც მოხუცებს ათავსებენ ხოლმე, მერე დიდი თოკებით ღრმად გაჭრილ მიწაში ჩაგიშვეს და ყველა ტიროდა…

მე არა ჟულიენ..

შენ მეუბნებოდი ცრემლები იმდენად წმინდაა ყველას არ აქვს უფლება იტიროსო და მეც ჩუნად ვიდექი..

მერე ისევ თეთრებში ჩაცმულებმა წამიყვანეს, დიდი თეთრი პერანგი ჩამაცვეს და ოთახში გამომკეტეს, ოღონდ ესენი იმ გრძელთმიანს არ ჰგავდნენ ჩვენ რომ გვიყვარს ყველაზე მეტად…

მუსიკაზეც კი…

შენს სიცოცხლესაც ფასი ჰქონდა, ფულზე რომ არ იყიდება და მხოლოდ რომ გრძნობ იმისი, ჟულიენ…

.  .  .  .

გუშინაც ვნახე

ჩემზე ლამაზი თეთრი კვართი ეცვა, თმები უფრო ჩამოეშალა, საოცრად თბილი იყო, ბავშვური და ვარსანფილიის სუნი მოიტანა..

იესო მქვიაო

თავისთან მივყავდი…

მე ვხედავ მზეს, ჟულიენ….

                                                                                                                     ეთერ  ივანელაშვილი

“ – ჩვენ ყოველთვის სიკვდილის მოახლოება გვაშინებს ხოლმე…

- მე ასე მგონია, ჯერ დაუბადებელი არსება რომ გრძნობდეს სიკვდილის მოახლოებას, იმისაც ასევე შეეშინდებოდა…”

გამარჯობა! შენ ჩემი სიცოცხლე ხარ! ყოველ წუთს 60 წამით უფრო დიდი და, ჯერჯერობით, ცოცხალი…

შენ, რომელმაც სულ რამდენიმე წამის წინ ჩაისუნთქე სიცოცხლე და ძალიან შეგეშინდა;

რომელმაც, ალბათ, ყველაზე მეტად შეიგრძენი, რომ ცოცხლობ.

შენ, რომელმაც ჯერ არ იცი, რომ ადამიანებს სიცოცხლე და ცხოვრება ერთმანეთში ერევათ და, ცხოვრება თუ არა, სიცოცხლე მაინც მშვენიერია!

შენ, რომელმაც 9 თვე იცადე, რომ გეცოცხლა…

გამარჯობა! შენ ჩემი სიცოცხლე ხარ!

შენც ჩემი სიცოცხლე ხარ – საერთოდ რომ არ გიცოცხლია!

სურვილი რომ გქონდა, რომ გეარსება და ჩანასახშივე რომ ჩაგიკლეს შენი ოცნება!

თან ვინ?! – მან, ვინც თავადვე “გაჩუქა” სიცოცხლე და თავადვე დაივიწყა, რომ საჩუქრის წართმევა არ შეიძლება! მან, ვინც უფალს უკან დაუბრუნა საჩუქარი და შენ მხოლოდ სიტყვა “აბორტი” გაჩუქა!

გამარჯობა! შენ მაინც ჩემი სიცოცხლე ხარ!

შენ, რომელსაც არ დაგეზარა, 9 თვე შენში გყოლოდი;

არც კი გიფიქრია, უფლის საჩუქარი უკან მიგებრუნებინა;

შენ, რომელიც პირველად გთქვი და აი, უკვე ამდენი წელი, თვე და დღეა, გააზრებულად თუ გაუაზრებლად გეძახი…

შენ, რომელმაც მასწავლე, როგორ უნდა ვიარო…წინ!

აი, ია.

აი, დედა.

აი, შენ.

გამარჯობა! შენ ჩემი სიცოცხლე ხარ!

შენც, რომელსაც არ გყავს დედა, არც – მამა.

რომელმაც არ იცი, საიდან დაიწყო, საით წახვიდე…

შენ, რომელიც ობლობისგან დაიკარგე;

რომელიც დღეში ერთხელ მაინც ფიქრობ, როგორი თვალები ექნებოდა შენს მშობელს და რას გეტყოდა, შენი დაღლილი თვალები რომ დაენახა…

შენ,

რომელიც ხარ შობილი მშობლის გარეშე,

ჩემი სიცოცხლე ხარ!

თქვენ, სკამზე რომ სხედხართ ქუჩაში და ჩამვლელებს დიდხანს აყოლებთ თვალს…

ახალგაზრდობა გახსენებული მზერა რომ ჩაგდგომიათ და გამშრალი ცრემლი გიხუჭავთ თვალებს.

დიახ, თქვენ!

“ბევრი” სიცოცხლე რომ გქონდათ და უკვე ბევრი აღარ დაგრჩენიათ;

ხმა რომ გიკანკალებთ და მაინც დიდი მონდომებით გვიყვებით, რაც უნდა ვისწავლოთ და რაც თქვენ უკვე ნახეთ;

თქვენ, წარსულში შობილნო და მომავლის მშობელნო!

ბებო!

ბაბუ!

გამარჯობათ, თქვენ ჩემი სიცოცხლე ხართ!

შენ! წამლებით რომ ისწრაფებ სიცოცხლეს!

შენ, რომელიც სიცოცხლეს შეიგრძნობ მისივე დავიწყებით!

შენ, რომელიც შენი საყვარელი ადამიანების სიცოცხლეს ამწარებ შენივე სიცოცხლით და მაინც…

გამარჯობა, შენც ჩემი სიცოცხლე ხარ!

და შენც, სიყვარულმა რომ დაგაავადა, ავად გაგხადა…

შენ, რომელსაც განგიდგნენ, გერიდებიან, მარტოობას გასწავლიან!

შენ, რომელიც შიდსით დაავადდი და უკვე იცი, რომ სიცოცხლე ჯანმრთელობაა, სიცოცხლე გვერდში დგომაა, სიყვარულია!

გამარჯობა!

მე შენ მიყვარხარ!

შენ ჩემი სიცოცხლე ხარ!

შენ, რომელიც ყოველთვის აქ ხარ, რომ იყო!… ჩემთან იყო, შენთან ვიყო…

გამიზიარო და გაგიზიარო;

გიგრძნო და მიგრძნო;

შენ, რომელმაც მართლა იცი ყველაფერი ჩემზე და მაინც გიყვარვარ!

შენ, ჩემი სიჩუმე რომ გესმის…

გამარჯობა, მეგობარო, შენ ჩემი სიცოცხლე ხარ!

სიყვარულია სიცოცხლის ფასი.

დანაოჭებული ხელებია სიცოცხლის ფასი.

ბავშვის პირველი სიტყვაა სიცოცხლის ფასი.

მშობლების მკაცრი სითბოა სიცოცხლის ფასი.

საქართველოა სიცოცხლე.

დედამიწაა სიცოცხლე.

ღიმილია სიცოცხლე.

ოცნებაა სიცოცხლე.

სიცოცხლის რწმენაა სიცოცხლე.

უფალია სიცოცხლე!

და შენ, აწ უკვე გარდაცვლილო!

შენ, რომელიც დაბადებისას ტიროდი, სხვები კი იცინოდნენ – უხაროდათ;

სიკვდილისას კი იყავი მშვიდი. სხვები დაგტიროდნენ.

შენ ისეთი სიცოცხლით იცხოვრე, რომ არასოდეს მომკვდარხარ!

შენ, რომელმაც, ალბათ, ყველაზე კარგად იცი სიცოცხლის ფასი.

შენ, რომელიც, ალბათ, ბევრ რამეს შეცვლიდი… რომ გეცოცხლა.

შენ, რომელიც როდესმე მეც გავხდები!

შენ, რომელმაც სიკვდილის წინ კიდევ ერთი წამის სიცოცხლე ინატრე…

გამარჯობა… შენ ჩემი სიცოცხლე ხარ!

და ბოლოს…

ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული – ახალგაზრდას თუ მოხუცს. შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ, ვინც გიყვარს. ამიტომ, ნუღარ დაელოდები მეტს! იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი, ხვალიდელი დღე გექნება თუ არა… და მერე ნამდვილად დაგწყდება გული, რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფერებისთვის, კოცნისთვის.. და რომ, დაკავებულობის გამო, ვერ შეასრულე შენი საყვარელი ადამიანის უკანასკნელი სურვილი… გვერდიდან არ მოიშორო ისინი, ვინც გიყვარს! ჩუმად ჩასჩურჩულე, თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი; გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ…”

 

და მაინც…

როცა სიცოცხლე ასე ნავარდობს…”

ელენე მარგალიტაშვილი

დავითიანნის საზაფხულო ბანაკები!!!

 დავითიანნის საზაფხულო ბანაკების პარტნიორია მზიანი სახლი

საზაფხულო ბანაკების მიზანია ახალგაზრდებს შეუქმნას დასვენებისა და გართობისათვის აუცილებელი ჯანსაღი გარემო, რომელიც საშუალებას იძლევა სხვადასხვა შემეცნებით-ინტელექტუალურ თუ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის გზით წარმოაჩინონ და დახვეწონ თავიანთი შესაძლებლობები.

თამარის ხიდი 

ჩვენს საზაფხულო ბანაკებში მონაწილეები:

  • მოინახულებენ კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს;
  • მონაწილეობას მიიღებენ პროგრამულ თამაშებსა და აქტივობებში, რომელიც დაეხმარებათ გაიუმჯობესონ კომუნიკაციისა და გუნდში მუშაობის უნარ-ჩვევები;
  • საშუალება მიეცემათ აღმოაჩინონ და დახვეწონ ლიდერული უნარ-ჩვევები, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს მათ აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში;
  • დაინახავენ ჯანსაღი ცხოვრების წესის უპირატესობას;
  • შეისწავლიან ქართულ ცეკვას, სიმღერას და ტრადიციულ საბრძოლო ხელოვნებას;
  • შეისწავლიან ქართულ ტრადიციულ ხელსაქმეს;
  • მიეცემათ საინტერესო ადამიანებთან შეხვედრისა და გასაუბრების საშუალება;
  • მიეცემათ საშუალება გაეცნონ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების წესსა და ტრადიციებს

ბანაკს ეყოლება 2 ხელმძღვანელი (ლოჯისტიკური და პროგრამული). ყოველ 10-15 მონაწილეზე საჭიროა 1 ლიდერი. შესაბამისად, 40-ბავშვიან ბანაკს ესაჭიროება  3-4 ლიდერი. ამასთაავე ბანაკის პროგრამული ნაწილისათვის აუცილებელია 3 კაციანი მწვრთნელთა გუნდი, რომელიც შეიმუშავებს და ჩაატარებს ბანაკის პროგრამულ ნაწილებს. დამატებით, აუცილებელია ბანაკს ყავდეს ექიმი, მზარეული და მისი თანაშემწე, ლოჯისტიკაზე პასუხისმგებელი პირი.

მეთოდოლოგია: ბანაკის პროგრამა დაფუძნებულია  განათლების მრავალფეროვან მეთოდებზე, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ახალგაზრდებთან მუშაობისას და აღიარებულია საერთაშორისო დონეზე.

პირველ ეტაპზე შეირჩევა ისეთი საქმიანობები, რომლებიც მაქსიმალურად დაეხმარება თითოეულ მონაწილეს  მინიმალური დისკომფორტით ინტეგრირდნენ საბანაკე ცხოვრებაში, გამოავლინონ საკუთარი ცოდნა, გამოცდილება, უნარები, ინტერესები, მაგალითად გაცნობის სავარჯიშოები და თამაშები, სპორტული კონკურსები, ხელოვნების კონკურსები, დიდი თამაში, ინტელექტუალური ვიქტორინები.

მეორე ეტაპზე შეირჩევა ისეთი ღონისძიებები და საქმიანობის ისეთი ფორმები, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს კიდევ უფრო დაახლოვდნენ და გაამყარონ ურთიერთობები, მაგალითად, როლური თამაშები, საერთო საბანაკე ღონისძიებები, ტრენინგები.

მონაწილეებს შეეძლებათ შეისწავლონ როგორც სიმღერა, გალობა, ასევე გაიცნონ ძველი ქართული საბრძოლო  ხელოვნება  (ხრდოლი) ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და გაეცნონ ადგილობრივ კულტურას , ექნებათ ადგილობრივ სასულიერო პირებთან შეხვედრები.



სათავგადასავლო, ინტელექტუალური, გასართობი.

კარვებში ცხოვრება

კოცონი


ბანაკის ნაკადები : ივლისი, აგვისტო, სექტემბერი

სულ რაღაც 24.90 ლარი დღეში

მომსახურებაში შედის:

  • ტრანსპორტირება
  • სამჯერადი კვება
  • კარვები
  • ინტერნეტი (შატილი)
  • მობილური (რკონი)
  • ლიდერები
  • მწვრთნელთა გუნდი
  • ექიმი
  • მზარეული

საბანაკე აღჭურვილობა:

  • საძილე ტომრები
  • პარალონი
  • პიკნიკის მაგიდები
  • სამზარეულო ინვეტარი
  • გენერატორი
  • რაციები
  • ფანარი

საზაფხულო ბანაკებში რეგისტრაცია შესაძლებელია რუსთაველის N:21. 4–ე სართული 13:00 სთ–დან 18:00 სთ –მდე 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
(32)2 998897.
(32) 2 144 177.
599 95 08 08.    თათა სადუნიშვილიtata_sadunishvili@yahoo.com

591 400 643  ნიკა ფანიაშვილი.

ც ხ რ ა   ს ი ც ო ც ხ ლ ე

კატას ცხრა სიცოცხლე ჰქონიაო – აღშფოთება ვერ დამალა ბიჭმა. ისეთ უბადრუკ არსებას, როგორიც კატა არისო,რად უნდაო ამდენი სიცოცხლე? განა სამართლიანი არ იქნებოდაო ასეთი შანსი ადამიანებს ჰქონოდათო, თანდიდ ადამინებს, წმინდნებს, გმირებს, გმირთაგმირებს… მთელი დღე ამაზე ფიქრობდა ბიჭი, მთელი დღე შფოთავდა, სიმშვიდე ვერაფრით მოიპოვა. გვიან დაწვა დასძინებლად, მაინც ვერ დაიძინა, ბორგავდა საწოლში, შემოქმედის უსამართლობით იყო გაბრაზებული:_ როგორ გაიმეტაო ცხრა სიცოცხლე კატისუბადრუკი ცხოვრებისთვისო. გამთენიისას ჩაეძინა. ემოციები სიზმარშიც გაჰყვა, აბდა-უბდა კოშმარებს ხედავდა. ბორგავდა ბიჭი. უცებ, ყველაფერი ჩაწყნარდა თითქოს, ბიჭი მშვიდ ადგილას მოხვდა, თითქოს დამშვიდდა თვითონაც. შეუცნობელი სიმშვიდე სუფევდა ირგვლივ. უცებ, კაშკაშა სინათლე გამოჩნდა, საიდანღაც. ბიჭს თვალები მოჭრა მისმა სიკაშკაშემ და ხელები აიფარა სახეზე. ჰოი საოცრება, სინათლემ ლაპარაკი დაიწყო:_ რად განრისხდიო ცხოვრების კანონზომიერებაზე, რად ამბობო ბრიყვულ საყვედურს? ბიჭი გონს მოეგო, მიხვდა თუ რაზე ესაუბრებოდა ხმა. ახლა ამ  ხმაზე განრისხდა, არგუმენტები მიაყარა, უბადრუკი კატა უფრო დაფასებულიაო, ვიდრე ადამიანები. ხმამ ჩაიცინა:_ უბრალო მოკვდავივით აზროვნებო, ბიჭო, მაგრამ პასუხი გექნებაო ყველა კითხვაზე. ამისათვის გებოძაო შენ ცხრა სოცოცხლე, როგროც კატას. მე კი ვიქნებიო შენი თანმდევი ხმა და მარად შეგახსენებო შენს ამჟამონდელ მისიას სიცოცხლის ფასის გასაგებად.

დაფეთებული წამოხტა ბიჭი საწოლიდან, ოფლში ცურვდა, მძიმედ სუნთქავდა. სახეზე მოისვა ხელი, უცებ მოეგო გონს, სიზმარი ყოფილაო ყველაფერი. ისევ დაწვა, ვერ დაიძინა, სიზმარზე ფიქრობდა ისევ:_ ნეტავ რაიყოო ეს? ლოგინში ვეღარ გაჩერდა, წამოდგა და ფეხაკრებით გავიდა სახლიდან. უკვე გათენებულიყო.საოცრად წყნარი იყო ზღვისპირა ქალაქი ამ სისხამ დილით. ტურისტებით სავსე ქალაქის ქუჩებში მხოლოდ მეეზოვეები იყვნენ, დიდი ცოცხებით ხელში. თვალი მოავლო გარეთ გამოსულმა ბიჭმა არე-მრეს:_ სად წვიდეო ნეტავ, ყველას ეძინებაო ჯერ. უცებ, ის ნაცნობი ხმა ჩაესმა ყურში:_ მზად ხარო ჭეშმარიტების ჩასაწვდომად?ციბრუტივით დატრიალდა გულგახეთქილი ბიჭი. ირგვლივ ეძებდა ონავარ მეგობარს, ამ ხუმრობისთვის კარგად რომ ეთავაზა. ირგვლივ ვერავინ დაინახა. განწირული ხმით იყვირა:_ ვინ ხარო? ეს მე ვარო, შენი თანმდევი წეშმარიტების ხმაო – ისევ ჩაესმა ბიჭს. ყურებზე ხელი დაიფარა და არა, არას ძახილით თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. ავტომობილის ბორბლების წუილი გაისმა… რვა სიცოცხლე დარჩაო – თქვა ხმამ.

ბიჭმა თვალები გაახილა, თავზე წითელ მაისურიანი ქალი და კაცი ადგა, ცნობის მოყვარე თვალებსაც ბევრს ხედავდა ირგვლივ. კაცი მოვკალიო – თავში ხელს იშენდა ნაგვის მანქანის მძღოლი. თვალი გაახილაო -იკივლეს ცოცხიანმა ქალებმა. ნამდვილი სასწაულიაო ასეთი ავარია ტრამვების გარეშეო – გაკვირვებას ვერ მალავდა სასწრფო დახმარების ექიმი. თან სამ მეტრზე უსვრიაო დარტყმის ძალას – უმოწმებდა ასისტენტი. ბიჭს ვერფერი გაეგო, გაკვირვებულმა მიმოიხედა, წამოჯდა, შეეცადა რამე გაეხსენებია. მხოლოდ ერთი რამ გაახსენდა, თუ როგორ უთხრა ხმამ, რვა სიცოცხლე დაგრჩაო და დარტყმის ძალა. ნუთუ სიმართლეაო ესყველაფერი? – გაიფიქრა ბიჭმა, წამოდგომა დააპირა, ექიმმა მკლავზე მოკიდა ხელი:_ არ ადგეო, საავადმყოფოში უნდა გადაგიყვანოთო. ბიჭმა უხეშად მოიშორა ხელი:_ არ მჭირდებაო – გამოსცრა კბილებიდან,წამოდგა და წავიდა უკანმოუხედავად. წავიდა და გაიყოლა გაკვირვებული ადამიანების მზერა, რომლებიც ვერ მიმხვდარიყვნენ რა ხდებოდა.

ბიჭი მიდიოდა უმისამართოდ. ვერ იჯერებდა რაც მის თავს ხდებოდა. ხმას უხმობდა ისევ:_ გამარკვიეო რა ხდებაო! ხმა კი არსად ჩანდა, თითქოსდა გაქრა. ბიჭი კი მიდიოდა, უმისამართოდ. ხიდთან შეჩერდა.ყველაფრის შემოწმების სურვილმა გაიღვიძა მასში. ავიდა მოაჯირზე, გადაიხედა, ხიდის ქვეშ გამშრალი ხევი იყო. უზარმაზარი ლოდები ეყარა ხევში. თავს რეტი დაესხა სიმაღლისგან, ცისკენ აიხედა, ხელები გაშალა,თვალები დახუჭა და… მოსწყდა მოაჯირს. შვიდი სიცოცხლე დაგრჩაო – ჩაესმა ყურში.

ლოდებს შორის იწვა, როცა გაეღვიძა. გაკვირვებულმა მიმოიხედა:_ სად ვარო? მერე გაახსენდა  ხიდიდან ფრენა.ჩაიღიმა, გაიფიქრა უნიკალური ვარო. ხმას მადლობა მიუძღვნა საჩუქრისთვის, წამოდგა და პლიაჟისკენ გაეშურა. შუადღის ხვატი იდგა, როცა პლიაჟს მიაღწია. გზაში ესმოდა, როგორ არჩევდნენ დილინდელი უცნაური ავარიის დეტალებს მოცდილი ადამიანები. სიამაყე ემატებოდა ბიჭს, პირველად იგრძნო ეს გრძნობა მასში:_ ხომ ვმბობდიო, ცხრა სიცოცხლე მხოლოდ ადამიანს სჭირდებაო.. მეგობრის შეძახილმა გამოაფხიზლა ბიჭი. შებრუნდა. მისი მეგობრები დაინახა და მათკენ გაემართა. სად დაიკარგეო – უსაყვედურეს ბიჭებმა -გირეკავთ და არ გვპასუხობო, სახლში ვიყავით შენთან და არ დაგვხვდიო. მხოლოდ ახლა შეამჩნია ბიჭმა, რომ მობილური ტელეფონი თან არ ჰქონდა. შენი სახლის წინ უცნაური ავარია მომხდარაო დღეს – აუწყეს მეგობრებმა. არ დაუჯერეს, როცა თქვა მე ვიყავიო, არც უცნაური ხმის ამბავი დაუჯერეს, არც დღევანდელი თავგადასავლები. „დაბოლილი“ ხომ არ ხარო – ისიც კითხეს. ბიჭმა თავისი სიმართლის დასამტკიცებლად ხიდთან წაიყვანა მეგობრები. გადახტომის წინ სთხოვა, არ შეგეშინდეთ და არ გაიქცეთო. ავიდა მოაჯირზე და ხმამ ექვსი სიცოცხლე დაგრჩაო.

მეგობრებს თვალები გაუფართოვდათ, როცა თავიანთი მეგობრის მოფარფატე სხეული დაინახეს ხიდიდან.ბიჭი მძიმედ დაეცა ლოდებს შორის. შეშინებულმა მეგობრებმა გაქცევა დააპირეს, უცებ შენიშნეს, რომ ბიჭი ლოდებს შორის წამოდგა და მათ ხელი დაუქნია. შოკირებული ბიჭები კარგა ხანს აზრზე ვერ მოვიდნენ.

პლაჟისკენ გაეშურნენ ისევ მეგობრები. ბიჭს მხარზე ურტყავდნენ ხელს:_ იღბლიანი კაცი ხარო, ძმაო. ზღვის ტალღებს შეერივნენ ბიჭები, მხიარულ გუნებაზე იყვნენ. შეხედე ვინ მოდისო, ძმაო – ნაპირისკენ ანიშნა ერთ-ერთმა მეგობარმა. გაიხედა. უცებ იგრძნო, რომ სისხლი გაეყინა ძარღვებში, სუნთქვა შეეკრა, წამი საუკუნედ გაეყინა. ნაპირზე გოგო მოდიოდა თავის მეგობრებთან ერთად, ის გოგო, რომელმაც სული აუფორიაქა, მთელი ზაფხული თვალწინ ელანდებოდა. ზღვიდან ამოვიდა ბიჭი, გახევებული იდგა და უცქერდა გოგოს. მეგობარი ამოუდგა გვერდით:_ როდემდე უნდა მიშტერებოდეო ამ გოგოს შორიდან? მიდი გაეცანიო და უთხარიო რომ მოგწონსო. ბიჭს ჭკუაში დაუჯდა მეგობრის რჩევა, იფიქრა:_ დღეს ხომ იღბლიანი დღე მაქვსო და თავდაჯერებულად გაემართა გოგოსკენ. წინ გადაუდგა, ხელი გაუწოდა თავის სახელთან ერთად. გოგო დაიბნა, მეგობრებს გადახედა და მანაც ჩამოართვა ხელი. ბიჭს მხნეობა შეემატა:_ რაც ჩამოხვედი იმ დღიდან შეგამჩნიეო, სულ უკან დაგდევო, მომწონხარ და მიყვარხარო… კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ იგრძნო ძლიერი მუშტი კეფაში, წაბარბაცდა, უნდა დაცემულიყო, მაგრამ ვიღაცის ძლიერი ხელები მოეჭიდნენ მკლავებში და ფორთხვით გაათრიეს პლიაჟიდან. ბიჭის მეგობრები უცებ სადღაც გაქრნენ, ბიჭი კი მარტო დარჩა რამოდენიმე ჯანღონით სავსე მამაკაცთან ერთად პლიაჟის ახლოს მდგარი მშენებარე შენობის უკან. ერთი მიუახლოვდა ბიჭს, ხელი წაავლო კისერში:_ იმ გოგოს თავი დაანებე, ჩემიაო უთხრა და გავიდა, დანარჩენებს კი რაღაც ანიშნა. გონის დაკარგვამდე ურტყეს ბიჭს, მერე შეეშინდათ, მგონი მოკვდაო დაგაიქცნენ. ხმამ ბიჭს ხუთი სიცოცხლის დარჩენა აუწყა.

თვლები გაახილა ბიჭმა. უზარმაზარი ამწის ქვეშ იწვა. წამოდგომა დაეზარა, უყურებდა როგორ ჭრიალით მოძრაობდა ამწე. დიდხანს არ მოუწია მოცდამ. დაინახა ამწიდან მომწყდარი ნივთი როგორ წამოვიდა მისკენ. ხმამ კი აუწყა:_ ოთხი სიცოცხლე დაგრჩაო, ბიჭო. ჩხუბით მოუახლოვდა ორი მუშა ამწიდან ჩამოვარდნილ ლოდს. რამდენჯერ გითხარიო კარგად დააბიო ტვირთი – უყვიროდა ერთი მეორეს ან რამდენჯერ გითხარიო სამსახურში არ დალიოო. მერე ხმა ჩაუწყდათ, თვალები გაუფართოვდათ, გახევდნენ. ლოდის ქვემოდან ადამიანის ფეხები ჩანდა… უცებ შეგროვდნენ მუშები, ასწიეს ლოდი და საოცრება… ლოდის ქვეშ მოყოლილი კაცი წამოხტა და გაიქცა. გაოცებულებმა კარგახანს ხმა ვერ ამოიღეს. მშენებლობის ადგილს როგორც კი გასცდა ბიჭი შეჩერდა, ტანსაცმელი დაიფერთხა, დაფიქრდა, საით წავიდოდა პარკისკენ აიღო გეზი. უკვე ნაშუადღევი იყო, მზე მწარედ აჭერდა სხივებს. სავსე იყო პარკი მზეს მორიდებული ადამიანებით. შადრევნებთან ჭყუმპალაობდნენ ბავშვები. თავისუფალი სკამის ძებნაში რიგს ჩაუყვა ბიჭი. უცებ გოგო დაინახა, თავის მეგობრებთან ერთად. მივიდა და მიესალმა. გაკვირვებულმა შეხედა გოგომ, გასეირნებაზე დათანხმდა. თავი როგორ დააღწიეო ჩემს თაყვანისმცემელს, ერთი სილურჯე რომ არგეტყობაო ისე? – გაკვირვება ვერ დამალა მან. შეშინებულები გარბოდნენო – ღიმილით უხსნიდა ბიჭი. ეშმაკის ბორბალზე გადაწყვიტეს დაჯდომა. ცას უახლოვდებოდნენ ნელ-ნელა. ბინდდებოდა. ზღვაში ეშვებოდა მზე.ბიჭს მოუნდა თავისი სიყვარულის დამტკიცება გოგოსთვის. ენად გაიკრიფა. გოგოს ეღმებოდა:_ ასეთები ხართო კაცები. გინდაო შენი გულისთვის აქიდან გადავხტეო? – შესთავაზა ბიჭმა. სიცილით დასტური მიიღო, წამოდგა და არც დაფიქრებულა ისე გადაეშვა ეშმაკის ბორბლის უმაღლესი წერტილიდან. სამი სიცოცხლე დაგრჩაო – აუწყა ხმამ.

ზღვა ხალხი შეიკრიბა წამში ეშმაკის ბორბლის ირგვლივ:_ ვიღაც ბიჭი გადმომხტარაო ეშმაკის ბორბლიდან.ვერავინ ბედავდა ქვაფენილზე გართხმულ „გვამთან“ მიახლოებას. არც დასჭირვებიათ, ბიჭი თავისით წამოდგა, შარვალი დაიფერთხა და კარუსელისკენ გაემართა გოგოს დასახვედრად. გაფითრებული გადმოვიდა კაბინიდან, თვალებს არ დაუჯერა, როცა საღსალამათი დაინახა ბიჭი. რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ სახეზე სილა გააწნა, შეშინებისთვის უშვერი სიტყვებით გამოლანძღა და ატირებული გაიქცა. ახალგაზრდები აღტაცებული უცქერდნენ ბიჭს, მოხუცები ბუზღუნებდნენ და ექსტრემისტების ქალაქიდან გაგდებაზე მსჯელობდნენ. იმასაც კი ამბობდნენ, ამ დილით დაუნახავთო, ვიღაც გიჟი ტურისტი ხიდიდან ხტებოდაო. უკვე ბნელოდა, როცა ბიჭმა პარკის ყველაზე ხმაურიან ადგილს მიაღწია. აქ უამრავი გასართობი იდგა და უამრავ რამეში იმართებოდა შეჯიბრი ბიჭი ნელი ნაბიჯებით ჩაუყვა გრძელ რიგს. ერთ- ერთ დახლთან გოგო შენიშნა თავის თაყვანისმცემელთან და მეგობრებთან ერთად. შეჯიბრი იმართებოდა, თუ ვინ გაძლებდა უფრო მეტ ხანს წყლის ქვეშ. ბიჭიც ჩაეწერა. გაკვირვებულმა შეხედა გულშემატკივარმა, გოგომ კი თვალი მოარიდა. გაისმა სასტვენის ხმა, ბიჭმა ჩაყვინთა, უნდა რომ გაიმარჯვოს, თავი მოაწონოს ყველას, განსაკუთრებით გოგოს. გრძნობს რომ სული ეხუთება, ჰაერი სჭირდება, თვალებზე ბინდი გადაეკრა და ყურში ნაცნობი ხმაჩაესმა:_ ორი სიცოცხლე დაგრჩაო მხოლოდ.

გონს ისევ წყალქვეშ მოეგო, ზევით ამოვიდა. მხიარული ყიჟინა გაისმა, მსაჯი თვალებს არ უჯერებდა:_თუთხმეტი წუთი გაძლოო წყალქვეშ. გულზე მედალი ჩამოკიდეს, ურჩიეს გინესის რეკორდების კომისიისთვის მიერმათა, ხელში, პრიზად დაწესებული, უზარმაზარი ფუმფულა დათუნია დააკავეს. ბიჭმა, არც აცია არც აცხელა, საჩუქარი გოგოს დააკავა ხელში და ლოყაზეც აკოცა. განრისხებულმა თაყვანისმცემელმა ხელი დახლს დაარტყა და წავიდა. გოგო და ბიჭი ნელი ნაბიჯებით მოდიან პარკში. საუბრობენ, არსად ეჩქარებათ, იცინიან. ჩამოჯდნენ, ბნელ კუთხეში, მყუდროდ. გვრიტებს დამიხედეთო _ თავზე დაადგათ თაყვანისმცემელი:_ ხომ გითხარიო, ეს გოგო ჩემიაო. ბიჭი წამოდგა. უცებ ტკივილი იგრძნო მუცელში. თაყვანისმცემელმა გოგოს ხელი ჩაკიდა:_ წავიდეთ, აქ მალე ძაღლებით გაივსებაო და ხმის ამოღება არ აცალა ისე წაიყვანა. ხმამ კი საბედისწერო ცნობა აუწყა:_ ერთი სიცოცხლე დაგრჩაო, ერთადერთი.

მუცლიდან ამოღებული დანა შორს მოისროლა ბიჭმა. აღარავის დანახვა აღარ უნდოდა, ჩქარი ნაბიჯებით გასცილდა ხალხმრავალ ადგილებს. დაცარიელებულ პლაჟზე გავიდა, ჩამოჯდა. ლამაზად ირეკლებოდა მთვარის შუქი ზღვაში. რა ლამაზიაო – გაიფიქრა. ზურგზე გაწვა ქვიშაზე, ვარსკვლავებიან ცას ახედა. მთელმა დღემ თვალწინ ჩაუარა:_ რა უაზრო იყოო ეს ყველაფერი? აბა, რას იტყვიო, ბიჭო? – ჩაესმა ნაცნობი ხმა – რასიტყვიო შენს განვლილ რვა სიცოცხლეზე? კარგს ვერაფერსო _ მიუგო ბიჭმა _ უაზრო იყოო ეს ყველაფერი, ერთი დიდი უაზრობაო. მერე ხმა ჩაესმა, ოღონდ სულ სხვა, განწირული ხმა. ვიღაც შველას ითხოვდა ზღვის ტალღებიდან. ბიჭმა ყურები ცქვიტა, ფეხზე წამოხტა და ზღვისკენ დაიწყო ყურება, რომელი ხარო, დაუძახა ბიჭმა, ტანზე გაიხდა და გადაეშვა ზღვაში. შენ მხოლოდ ერთი სიცოცხლე დაგრჩაო და შეიძლება მოკვდეო _შეახსენა ხმამ. ახლა მივხვდიო ყველაფერს_ იყვირა ბიჭმა_ ახლა მივხვდიო სიცოცხლის ფასს. მე დღეს და ვერ დავაფასეო, უაზროდ დავხარჯეო, მაშინ როცა მისი სიკეთისთვის გამოყენება შემეძლოო, მაგრამ სანამ სიკვდილს არ ჩახედავ თვალებში, სიცოცხლეს ვერ აფასებო. მე შეიძლება ახლა მოვკვდეო, მაგრამ ეს არ იქნებაო სიკვდილი უაზროდ, როგორც წინა რვა შემთხვევა, არამედ სიკვდილი სიცოცხლის გადასარჩენადო. ჩემი სიკვდილი კი არ იქნებაო სიკვდილი დასასრულად, არამედ გარდაცალება სხვის გადასარჩენად და ჩენი ცხოვრების მარად სამყოფადო _ თქვა ბიჭმა და მიყვა ხმას, რომელიც ზღვიდან ისმოდა. გვიან ღამით პლაჟზე მოსეირნე წყვილმა ვიღაც შეამჩნია თავთხელში. გამოათრიეს წყლიდან ახალგაზრდა ბიჭი და შვიდი რვა წლის გოგონა. თურმე, გოგონა პლაჟთან მდებარე სასტუმროში მცხოვრები ტურისტი ყოფილა, დედას გამოპარვია, ჟილეტი ჩაუცვამს და ახალნასწავლი ცურვის შესამოწმებლად ზღვაში შესულა, წყალს წაუღია და ვერ დაბრუნებულა. ყვირილზე საშველად ბიჭი მისულა, დიდხანს უცურია, გოგონა კი გადაურჩენია, მაგრამ პირდაპირ თავთხელზე გული გასკდომია. გოგონას წყალი ქონია ნაყლაპი. სასწრაფოს ექიმმა იცნო. ამ დილით იმ უცნაური ავარიის გმირი იყოო. მართლაც რომ გმირი ყოფილაო _ უდასტურებდა ასისტენტი.

პლაჟზე მემორიალური დაფა დადგეს:_ ამა და ამ დღეს, ამა და ამ ბიჭმა ესა და ეს გოგონა იხსნა სიკვდილისგანო. დაფაზე წარწერა იყო:_ „ გმირებს ცხრა სიცოცხლე არ სჭირდებათ, გმირებს ერთი სიცოცხლე აქვთ, მარადიული სიცოცხლე.“
                                                                                                                                     თამთა ლაშხია


Next Page »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.